ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა იმედის ექიმს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების მუხლით ბრალი წაუყენეს.
2021 წლის 18 მარტს ახალციხის კლინიკა იმედში ექთანმა მეგო ბაქრაძემ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.
გამოძიების თანახმად, ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე და ვენაში კათეტერის ჩადგმა მიმდინარეობდა, რაც ვაქცინაციის შემდგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია.
"მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.
ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ არ გაეწია დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, მდებარე თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.
ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება პირადი მოტივით) ბრალდება სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.